ქალის სახელების განმარტება (ვ-ლ) » სრულყოფილება ხელმისაწვდომია


 
 
 


ქალის სახელების განმარტება (ვ-ლ)

ავტორი: mary 9-02-2012, 22:50, ნახეს: 3962

Share
0
ქალის სახელების განმარტება (ვ-ლ)

ქალის სახელების განმარტება




ვალენტინა (ლათინური) " ძლიერი ", " ჯანმრთელი " (ნაწარმოებია ვალენტის კაცის სახელისაგან. დაწვრილებით იხ. ვალერი). მისი კნინობითია ვალია. ვალენტი, ვალენტოსი, ვალენტინი, ვალენტინე, ვალენტიანე, ვალენტინა წნმინდა მოწამეთა სახელებია.

ვალიდა - ახალი ნასესხებია ევროპული ენებიდან.

ვანდა (სლავური).

ვარდო (ქართული), კნინობითი ფორმებია: ვარდუა, ვარდიკო. ვარდიკო გვხვდება ვაჟის სახელადაც: ვარდო ჰქვია დანიელ ჭონქაძის მოთხრობის " სურამის ციხის " ერთ-ერთ მთავარ პერსონაჟ ქალს.

ვარვარა იხ. ბაბალე

ვარსკვლავისა (ქართული) მნიშვნელობის მხრივ შეადარეთ ბერძნული ასტერი, სომხური ასტღიკ.

ვასასი - ეტიმოლოგია უცნობია

ვენერა (ლათინური) ანტიკურ მითოლოგიაში სიყვარულისა და სილამაზის ქალღმერთის სახელია. იგივე სახელი ჰქვია პლანეტას (შეადარეთ ამ პლანეტის ქართული სახელწოდება ცისკარი და მისგან ნაწარმოები სახელი ცისკარა).

ვერა (რუსული) " რწმენა ". ბერძნული სახელის პისტი-ს თარგმანია. ქართულში გავრცელებული მოფერებითი ფორმაა ვერიკო.

ვინარი (ქართული) ახალი ნაწარმოები სახელია. შედგება ორი სიტყვისაგან: ვინ არი.

ვინელი (ქართული) ესეც ორსიტყვიანი კომპოზიტია.

ვიოლა, ვიოლეტა (ფრანგული) " ია ". ახალი შემოსული სახელია, მის გავრცელებას განსაკუთრებით შეუწყო ხელი ვერდის ოპერა " ტრავიატამ ", რომლის გმირ ქალსაც ჰქვია ეს სახელი.





ზაირა - თურქული სახელია, მომდინარეობს არაბული ზეჰრა-საგან; " ყვავილს " ნიშნავს.

ზანდა - ეტიმოლოგია უცნობია.

ზეინაბ (არაბული) " მსუქანი ". ეს სახელი ერქვა მუჰამედის ქალიშვილს, ამიტომ ძალზე გავრცელდა.

ზიზი (ქართული) " ლამაზი " (ბავშვის ენაზე). მისი ვარიანტული ფორმებია: ზიზო, ზიზიკო, ზიზილა, ზიზილო.

ზინა, ზინაიდა (ბერძნული) ნაწარმოებია ძველ ბერძენთა უზენაესი ღვთაების, ზევსის სახელისაგან და ნიშნავს " ზევსისა ", " ღვთისა " (მნიშვნელობის მხრივ შეადარეთ ქართული ღვთისია, ღვთისავარი). ზინა წინათ იხმარებოდა კაცის სახლად, მისგან კი ნაწარმოები იყო ქალის სახელი ზინაიდა. ამჟამად ორივე მხოლოდ ქალის სახელად გვხვდება და ზინა ითვლება ზინაიდა-ს შემოკლებულ ფორმად.

ზინათი (არაბული) " სამკაული ".

ზოია (ბერძნული) " სიცოცხლე ".





თათია, თათული (ქართული).

თალიკო - ქართული სახელია, მიღებული თამარ-ის კნინობითი ფორმისაგან: თამრიკო_თალიკო.

თამარ - ერთ-ერთ ყველაზე პოპულარული ქალის სახელია საქართველოში საუკუნეთა მანძილზე. ამ სახელით ცნობილ ისტორიულ პირთაგან განსაკუთრებით აღსანიშნავია თამარ მეფე (მეფობდა 1184-1213 წლებში). ეს პირველი ქართველი მეფე-ქალი ეკლესიამ წმინდანად შერაცხა და მისი სახელიც ქართულის მეშვეობით შევიდა საეკლესიო კალენდარში. წარმოშობით თამარს უკავშირებენ სემიტურ ენებს, კერძოდ ებრაულს, სადაც იგი " ფინიკის პალმას " ნიშნავს. მოფერებითი ფორმებია: თამრო, თამრიკო, თამუნა, თამუნია, თაკო. თამარ-ისაგან არის ნაწარმოები გვარები თამარაშვილი, თამარაძე, თამარაული; გეოგრაფიული სახელები თამარისი, თამარაშენი და სხვანი.

თამთა - მიღებული ჩანს თაჰამთა-საგან, რომელიც გვხვდება როსტომის და ზოგი სხვა ირანელი გმირის ეპითეტად და ნიშნავს " ღონიერს ", " გოლიათს ", " ძლიერს ", " მამაცს ", " გმირს ". სპარსეთში და ძველ საქართველოშიც ვაჟის სახელი იყო.

თამილა (ძველი რუსული) " ტანჯული ", " წამებული ".

თაფლო (ქართული)

თეა (ბერძნული) " ღვთაება "

თებრონე (ბერძნული) მნიშვნელობა დაუდგენელია. ძველი ფორმაა თებრონია, ქართულში გავრცელებული ფორმაა თებროლე (გავიხსენოთ ხალხური ლექსი: " თებროლე მიდის წყალზედა "). მისი კნინობითია თებრო.

თეთრუა (ქართული).

თეკლე (ბერძნული) " ღვთის დიდება ". მისივე ვარიანტებია თეკლა (ერეკლე მეფის უმცროს ქალიშვილს ხუმრობით თეკლე-ბიჭს ეძახდნენ). ამ სახელის პირველ ნაწილს შეადგენს თეოს - " ღმერთი ", რომელიც შედის აგრეთვე მრავალ სხვა საკუთარ სახელში (იხ. თედორე), მეორე ნაწილია კლეოს - " დიდება ", რომელსაც შეიცავს აგრეთვე ევროპაში გავრცელებული ქალის სახელი კლეოპატრა - " მამის დიდება ".

თეო (ბერძნული) " ღმერთი ", " ღვთაება ". თეო-ს (ასევე თეკლე-ს) კნინობითია ქართულში თეკო.

თეოლინე - წარმოადგენს ბერძნული თეონილა-ს ქართულ ფონეტიკურ ვარიანტს, ნიშნავს " ღვთის გონებას " ან " საღვთო ფიქრს ".

თეონა (ბერძნული) " ღვთის ფიქრი ", " ღვთის გონება ". ადრე კაცის სახელი იყო და შემდგომ იქცა ქალის სახელად.

თვალჩინა (ქართული).

თინათინ (ქართული) " მზის სხივის ანარეკლი ", " მოციმციმე სხივი ". " ვეფხისტყაოსნის " ერთ-ერთი მთავარი გმირი ქალის სახელია და ამ პოემის წყალობით ძალზე გავრცელდა ქართულში. მისი მოფერებითი ფორმებია თინა, თიკო, თინიკო, თინუკა, თინანო.





ია - ადრეული გაზაფხულის ყვავილის ასხელია; ბერძნულად მას ჰქვია იონ. მისი მრავლობითი რიცხვის ფორმაა ია, რომელიც ქალის სახელად არის ქცეული და შესულია ევროპულ ენებშიც. მაგალითად, რუსულში, ფრანგულში (იხ. ვიოლა, ვიოლეტა). იგივე სიტყვა ნასესხებია ყვავილის სახელადაც (შეადარეთ რუსული фиалка - " ია ", фиолетовый - " იისფერი "). ასევე ქართულშიც ია შემოსულია ყვავილის აღსანიშნავადაც და ქალის სახელადაც. ია ქალის სახელად გვხვდება ბორჯომის ხეობაში მარიამწმინდის ეკლესიის ფრესკაზე (XII-XIII სს.), რომელზეც გამოსახული არიან ქალი და ვაჟი (ჩანს, დედა-შვილი) იაი და შოთა. შესაძლებლად არის მიჩნეული, რომ ესენი შოთა რუსთაველი და დედამისი იყვნენ.

იადონ (ბერძნული) " მგალობელი ", " ბულბული ". გვხვდება ვაჟის სახელადაც.

იათამზე (ქართული).

იამზე (ქართული).

ივდით (ძველი ებრაული) " იუდეველი ", " ებრაელი ".

ივეტა (ფრანგული).

ივლიტა, ივლიტე (ლათინური) იგივეა, რაც იულია (იხ).

იზაბელა - ძველი ებრაული სახელის ელისაბედ-ის ვარიანტია, გავრცელებული ევროპულ ენებში. მისი შემოკლებული ფორმებია იზა, ბელა.

იზოლდა (ანგლოსაქსური) " გამოჩენილი მეომარი ". მისი შემოკლებული ფორმაა იზო.

ინა - ახალი ნასესხებია ევროპულიდან, სადაც ადრე გავრცელებული ყოფილა კაცის სახელადაც. უკავშირდება ლათინურს და თარგმნიან როგორც " ნიაღვარი ", მაგრამ ზუსტი მნიშვნელობა და წარმომავლობა უცნობია.

ინგა (სკანდინავიური) უკავშირდება ძველი ისლანდიელების ღმერთის სახელს ინგვე-ს ქართულში ახალი ნასესხებია.

ინეზა, ინესა - ახალი ნასესხებია ევროპული ენებიდან. ესპანური ვარიანტია აგნესა-სი (იხ).

ინოლა (ქართული) ირინეს ან მარინეს შეკვეცილი მოფერებითი ფორმაა, დამახასიათებელი სვანური ენისათვის.

ირინე (ბერძნული) " მშვიდობა ". მისი შემოკლებული ფორმაა ირა (ეს უკანასკნელი შეიძლება მიღებული იყოს ირაიდა-ს შემოკლებითაც, რომელიც აგრეთვე ბერძნული სახელია და ნიშნავს " გმირ ქალს " ან " ჰერას ასულს ").

ირმა - ქართული სახელია; გარეგნულად ემთხვევა გერმანულ სახელს, რომელსაც სულ სხვა მნიშვნელობა აქვს და " ირმინისადმი (ომის ღმერთისადმი) შეწირულს " ნიშნავს.

იულია (ლათინური) " იულიუსის კუთვნილი ", " იულიუსისა ", " ან " ივლისისა ".





კაკალა (ქართული).

კატო - ქართული სახელია, მიღებული ეკატერინე-ს შემოკლებით.

კეკელა - შემოკლებით კეკე, ქართული სახელია, ნიშნავს " მშვენიერს ", " ლამაზს ", " ტურფას " (შეადარეთ კეკლუცი). წინათ იგი გავრცელებული ყოფილა როგორც ქალის, ასევე კაცის სახელადაც (აქედან მოდის გვარები: კეკელაშვილი, კეკელიძე, კეკელია). ახლა ეს სახელი თითქმის აღარ გვხვდება, რადგან კეკელამ უარყოფითი მნიშვნელობა შეიძინა ( " პრანჭია ").

კესანე - ქართული სახელია, შერქმეული მინდვრის ყვავილის სახელწოდების მიხედვით.

კესარია (ბერძნული) " დედოფალი ". შემოკლებული ფორმაა კესო, რომელიც ვრცელდება ქართულში როგორც დამოუკიდებელი სახელი. ეს სახელი ჰქვია ილია ჭავჭავაძის " ოთარაანთ ქვრივის " ერთ-ერთ მთავარ მოქმედ პირს. გვხვდება აგრეთვე მეორე შემოკლებული ფორმაც – კესა.

კლავდია (ლათინური) ნაწარმოებია კაცის სახელისაგან: კლავდიუს - " კოჭლი ". კლავდიუსს უწოდებდნენ კოჭლ ღვთაებას – ჰეფესტოსს ანუ ვულკანს.

კლარა (ლათინური) " ნათელი ". ახალი ნასესხებია ევროპული ენებიდან.

კმარა (ქართული) არქმევენ, როცა მეტი ქალიშვილი აღარ სურთ. ასეთივეა აღმოსავლური სახელები: ბასაკ ( " კმარა "), ბასგულ ( " კმარა ყვავილი ", ე.ი. " კმარა ქალიშვილი, გოგონა აღარ გვინდა "). შეადარეთ აფრეთვე ნამეტი, მეგრული მეტვარი ( " მეტი არა! ").

კრავაი (ქართული) თამარ მეფის დროს გამოჩენილი დარბაისელი ქალი იყო კრავაი ჯაყელი. ეს სახელი კრავის ფორმით გვხვდება. უფრო ადრეც - " გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში " : " და ვითარცა განთენა, [მირიან აზნაურმან] შემიყვანნა წინაშე მეუღლისა თვისისა, რომლისაი არს სახელი კრავი, რამეთუ არს იგი მხევალი ქრისტესი ".

წყარო: www.forum.ali.ge

კატეგორია: საინტერესო

პატივცემულო მომხმარებელო, თქვენ შემოხვედით როგორც დაურეგისტრირებელი მომხმარებელი, გთხოვთ დარეგისტრირდეთ და შემოხვიდეთ საიტზე თქვენი სახელით.


კომენტარების დამატება

სახელი:*
ელ-ფოსტა:*
კომენტარები:
შეიყვანეთ კოდი: *